10 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართება ჯაზ ვოკალისტის გულიკო ჭანტურიას სოლო კონცერტი. ღონისძიება ტარდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის იდეის ავტორია ნია ბახტაძე, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი.
XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე ამერიკაში აფრო-ევროპული კულტურების სინთეზის წიაღში იშვა მუსიკალური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო. ჯაზი, როგორც მუსიკალური ჟანრი საბჭოთა კავშირშიც გავრცელდა, თუმცა წლების მანძილზე იდევნებოდა და ერთგვარად, ადამიანების შინაგანი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
XX საუკუნის 70-80 წლებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჯაზურ მუსიკას მიუხედავად დევნისა და შევიწროვებისა ერთეული ადამიანები ემსახურებდოდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა საქართველოში მოღვაწე ვოკალისტი ქალბატონი გულიკო ჭანტურია, რომელიც თავიდანვე გამოირჩეოდა ჯაზის მუსიკალური ენისათვის სახასიათო და გამორჩეული იმპროვიზაციით, მდიდრული რიტმით და რიტმული ფიგურების – სვინგის უნიკალური ფლობით.
უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია ქალბატონი გულიკო უსასრულო ერთგულებით, ჯაზური თავისუფლებითა და ამ მუსიკაში გაჟღერებული სიყვარულით ემსახურება საქართველოს ჯაზის სცენას. მისი შემოქმედება თავისუფალია ისევე, როგორც თავად ჯაზი, ყოველგვარი კლიშეებისაგან. მეტად მრავალმხრივია მისი საშემსრულებლო არეალები: სოული, ქანთრი, ჯაზ-როკი, ქართული ფოლკლორი და სხვ. მისი კონცერტი მსმენელთან უშუალო კონტაქტზე, საუბარზეა აგებული და უდიდესი ენერგიის მომნიჭებელია.
ქალბატონი გულიკო გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით და მისი შემოქმედების ლოგიკური მწვერვალია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, ჯაზური ვოკალის მიმართულებით და მრავალი წარმატებული მუსიკოსი შესძინა საქართველოს.
ქალბატონი გულიკო ჭანტურია დაჯილდოვებულია, ღირსების ორდენით, საქართველოში ჯაზური მუსიკის პროპაგანდა განვითარებისათვის. იგი არის მრავალი საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკური ჯაზ-ფესტივალების, ტურნეების და კონკურსების მონაწილე, როგორც ჯაზის ვოკალისტის, ასევე, ჟიურის საპატიო წევრის სახით.