7 აპრილს ცნობილ ქართველ მომღერალს თემურ თათარაშვილს 50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით თბილისის საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული საიუბილეო საღამო იმართება ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით.
მერიის ინფორმაციით, მონატრებული სიმღერები და მონატრებული შეხვედრა საყვარელ მსმენელთან. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ თემურ თათარაშვილი ქართველი მსენელის წინაში მეგობრებთან ერთად წარსდგება. მომღერალი თავისი შემოქმედების განვლილ გზას კიდევ ერთხელ გაიხსენებს და გრანდიოზულ საღამოს შესთავაზებს საზოგადოებას.
კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, დირიჟორი მირიან ხუხუნეიშვილი და ბენდი: პაატა ანდრიაძის, ზაზა ცერცვაძის, ლევან დეისაძის, უჩა მეტრეველის, და ირაკლი მენთეშაშვილის შემადგენლობით, ასევე იმღერებენ თემურ თათარაშვილის მეგობრები. შესრულდება ცნობილი კომპოზიტორების ძველი და ახალი სიმღერები. საზოგადოებას, ორგანიზატორები სიურპრიზებით სავსე ღონისძიებას ჰპირდებიან.
საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება.