საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას.
სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ყარაბაღის თემასაც შეეხო. ისაუბრა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით პოზიცია კვლავ მტკიცეა."ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს. ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით და გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად.
არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივ კონსულტაციებში და კოორდინაციაში ვართ როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო მისიებთან და არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას...
ჩვენ ვსაუბრობთ იმ ვითარებაში, როდესაც ძალიან მკაფიოდ, სულ რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში მსოფლიოს თანამეგობრობის უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს კოორდნირებული და არა მარტო ერთი გეოპოლიტიკური ბლოკის ან მსოფლიოს რაღაცა ნაწილის მიერ, არამედ მთელი კაცობრიობის მიერ.
"მინდა ხაზგასმით მოვუწოდო კავკასიის რეგიონის კონტექსტში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, განიტვირთოს ის გარემო, რომელიც არის სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში ჩვენგან და მაქსიმალურად დიპლომატიური წყაროებით და ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობის და კონფლიქტის ნეიტრალიზება," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.