პარლამენტის წევრობის კანდიდატობის შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წინასაარჩევნოდ თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება არ ექნება, - აღნიშნულს „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ”საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რაც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას. პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში შესაბამისს საარჩევნო სუბიექტს წარუძღვება. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. ასეთი ვითარება და საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა, ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს არანაირად არ შეესაბამება”.
ცვლილებების ავტორები პარლამენტის წევრები - გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ვახტანგ ხმალაძე არიან, ხოლო ინიციატორები - ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე.