„მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის შეფერხებებს ტექნიკურ მიზეზებს უკავშირებს. მისივე თქმით, „მაესტროს“ დამფუძნებელთა კრება ხვალ გაიმართება.
,,ჩვეულებრივი სამუშაო სიტუაციაა. დღეს მივედით გადაწყვეტილებამდე და შევთანხმდით ორივე მხარე, გაგრძელდეს ჩვეულებრივ მუშაობა. მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რაზეც მიიღეს პასუხი. ხვალ გაიმართება დამფუძნებელთა კრება. ხვალ გაჟღერდება ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული „მაესტროსთან“ დაკავშირებით“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
დღეს დილიდან ტელეკომპანია "მესტროში" ტელევიზიის ჟურნალისტები, მემონტაჟეები და ოპერატორები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზად სახელფასო დავალიანება დასახელდა. "კონტაქტი თორმეტზე" ეთერში არ გავიდა. ეთერში ვერ გადის "ბიზნესკონტაქტიც".
”დღეს "ბიზნესკონტაქტი" არ იქნება ეთერში. მიზეზები მრავალია. მოკლედ რომ გადმოგცეთ: არხზე შემქნილი რთული ფინანსური, ტექნიკური და მმართველობითი პრობლემების გამო. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებლებს, რესპონდენტებს და ყველას, ვინც დღევანდელ ეთერს ელოდა. წარმატებები! ბიზნესკონტაქტი და "საქმიანი დილა" მალე კვლავ ერთად ვიქნებით!”, - ნათქვამია ”ბიზნესკონტაქტის” ”ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.