"მე ვმართავ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, ვხვდები ჩემს კოლეგებს. ისინი ჩამოდიან საქართველოში და არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი პრობლემა, რაც ხელს შეუშლიდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღებას," - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და თქვა, რომ "არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არანაირად არ წარმოადგენს".
ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჯანელიძემ დღეს ევროკომისარ დიმიტრი ავრამოპულოსთან შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ამის ერთ-ერთ მაგალითად ევროკომისრის საქართველოში დღევანდელი ვიზიტი დაასახელა.
"მე ვმართავ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, ვხვდები ჩემს კოლეგებს. ისინი ჩამოდიან საქართველოში და არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი პრობლემა, რაც ხელს შეუშლიდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღებას. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცედურები მალე დასრულდება და საქართველო დროულად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.