ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ,,რესპუბლიკელ" ნოდარ ებანოიძის მიმართ წყენა უკვე დაივიწყა. როგორც პლენარულ სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხის გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ებანოიძის შენიშნვა მისაღები იყო.
,,მგონია, რომ ეს იყო გაურკვევლობა. არ მესმოდა ბატონი ნოდარი რას ამბობდა. მაგრამ როცა უკვე გავიგე, მე ჩავთვალე, რომ არ იყო ეს მისაღები შენიშვნა და ამავე დროს ჩანდა, რომ ცოტა ზედმეტად გაცხარებული და ჩემთვის არაბუნებრივად გაბრაზებული ჟესტიკულაციით საუბრობდა, რამაც გამოიწვია ჩემი მხრიდან ცოტა სუსხიანი რეაქცია. ცოტა ხნის წინ მოვიდა, ამიხსნა. მე ბუნებით ძალიან მიმტევებელი ვარ. ასე, რომ წყენა უკვე დამავიწყდა”, - განაცხადა ბესელიამ.
,,რესპუბლიკელ“ ნოდარ ებანოიძეს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, ბესელიამ მიმართა, რომ მას ნერვები დაეწყნარებინა.
"ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ – დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული – დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ", - მიმართა ბესელიამ ებანოიძეს.