,,იმედია პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული, დაიწყნარეთ ნერვები და კანონპროექტის არსს დაუბრუნდით“, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ,,რესპუბლიკელ“ ნოდარ ებანოიძეს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას.
ეკა ბესელიას შეფასებით, ნოდარ ებანოიძე დღეს განსაკუთრებულად გაცხარებულია.
"ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ – დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული – დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ", - მიმართა ბესელიამ ებანოიძეს.
ებანოიძემ შენიშვნები პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გამოთქვა, რომელიც ბაღებში ასაკობრივ ჯგუფების შექმნას - ჯგუფების ერთი და იმავე ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებას ეხება და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით UNICEF-ის კვლევებით და დოკუმენტით "აღფრთოვანებული არ დარჩა".