პარლამენტის თავმჯდომარე მოითხოვს, გაირკვეს 30 მარტს პარლამენტის სხდომისა და სუს-ის ხელმაძღვანელის მოსმენის ჩაშლის მიზეზები. ამ მიზნით, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაავალა, საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს 30 მარტის სესიის რეგისტრაციის მონაცემები.
"ჩვენ ვმართავთ საქართველოს პარლამენტის სხდომას. 30 მარტს საქართველოს პარლამენტის სხდომა ვერ შედგა – არა უმრავლესობის სხდომა ვერ შედგა, არამედ – საქართველოს პარლამენტის სხდომა. საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ ყველა. ამ ინსტიტუტის გამართულ ფინქციონირებაზე პასუხისმგებლები ვართ ყველა – ამიტომ ყოველგვარი კენჭების სროლა აქეთ-აქეთ, ვინ სწორად იქცევა და ვინ – არა, თუ მხოლოდ თავისი რიგებით ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობას, ეს ხალხი თუ ის ხალხი, ვინც აქ ზის და პოლიტიკური მოტივებით რეგისტრაციაცა არ გადის - ამის შეფასება ამომრჩეველმა გააკეთოს", - მიმართა კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის დღევანდელი სხდომა მხოლოდ განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გაიხსნა.
30 მარტს, კვორუმის უქონლობის გამო, სხდომა ჩაიშალა და შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა ჩაიშალა.