,,ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა ,,რესპუბლიკური პარტიის“ მიერ დღეს გახმაურებულ გადაწყვეტილებას კოალიციიდან გასვლისა და თანამდებობებზე დარჩენის შესახებ, ,,ძალაუფლების და სკამების სიყვარულით“ ხსნის.
,,არსებობს კარგი სიტყვა მდიდარ რუსულ ენაში - двурушничество - რასაც ქართულშიც კარგი შესატყვისი გააჩნია - ორ სკამზე ჯდომის სურვილი.
რესპუბლიკური პარტიის “კოალიციიდან გასვლა” მაგრამ “თანამდებობზე დარჩენა” ამ “დურუშნიკობის” (როგორც ეს სიტყვა ქართულმა სლენგმა მოითელა თავის ქვეშ) ყველაზე ნათელი მაგალითია.
როგორ შეიძლება კოალიციიდან გახვიდა და თან არ გახვიდე მთავრობიდან, როცა გამაერთიანებელი ფაქტორი სწორედ კოალიცია იყო ამ ორ პარტიას შორის?!
პოლიტიკაში ცნობილი კონცეფცია, “კოალიციური მთავრობა” სულ სხვა ფენომენია, რომელსაც მომხდართან არაფერი საერთო არ გააჩნია და ახლა თავისსამართლებლად რესპუბლიკელები მას ვერ გამოიყენებენ.
კოალიციური მთავრობა თავიდანვე, არჩევნებშივე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მიერ მოლაპარაკების შედეგად შედგენილი მთავრობაა. რადგან “ქართული ოცნება” და რესპუბლიკური პარტია არჩევნებში დაპირისპირებული ძალები არასდროს ყოფილან, ტერმინ “კოალიციურ მთავრობას” ახლა ისინი თავს ვერ შეაფარებენ.
"დურუშნიკობაა” სახეზე. ძალაუფლების და სკამების სიყვარული და პათოლოგიური პატივმოყვარეობა და უპრინციპობა”, - აცხადებს ნიკა რურუა.