საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.
ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა მიღწეულ პროგრესს.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილიპ ჰამონდს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, გაემგზავრა რუსთავში, სადაც მოინახულა ბრიტანული კომპანიის - „British Petroleum” სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობა. ფილიპ ჰამონდმა იმედი გამოთქვა, რომ უმსხვილესი ბრიტანული კომპანია, რომელიც უკვე 20 წელია ოპერირებს საქართველოში, კვლავაც წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას რეგიონში და ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში, ფილიპ ჰამონდი სიტყვით გამოვიდა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ნიდერლანდების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმზე.
სახელმწიფო მდივანმა, ასევე, მოინახულა ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში მდებარე ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი.