დავით საყვარელიძემ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილისა და ოდესის პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზებზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რეფორმები არავის სჭირდება.
,,დღეს გენერალურმა პროკურორმა გამათავისუფლა მისი მოადგილის და ოდესის პროკურორის თანამდებობიდან. მათ ამის მიზეზად დაასახელეს პროკურორის ეთიკის უხეში დარღვევა. მე მინდა ღიად განვაცხადო: დიახ, მე დავარღვიე პროკურორის ეთიკა. მაგრამ დავარღვიე ამ ტერმინის მათი გაგებით. მათი აზრით პროკურორის ეთიკა ეს არის ქურდობა და კორუფცია. ეს ეთიკა მე დავარღვიე და ყოველთვის დავარღვევ. ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან მე დაკავებული ვიყავი მუდმივი ბრძოლით ზუსტად ეთიკის ასეთ წესებთან", - განაცხადა საყვარელიძემ გათავისუფლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ იმ პირების გათავისუფლება, ვინც ებრძვის კორუფციას, არის სიგნალი იმისა, რომ უკრაინაში რეფორმები არავის სჭირდება.