ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ თვითმფრინავის გამტაცებლის ამსახველი ფოტოსურათი გაავრცელა. ფოტოზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, იდენტიფიცირებულია როგორც იბრაჰიმ სამაჰა.
თვითმფრინავის გამტაცებელი სავარაუდოდ ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გამტაცებლის მოქმედებები სავარაუდოდ, პირად მოტივებს უკავშირდება. როგორც დასავლური მედია წერს, კვიპროსში, სადაც მან მფრინავებს თვითმფრინავის ჩაყვანა უბრძანა, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ცხოვრობს. პრესა წერს, რომ ლარნაკას აეროპორტში მალე გამტაცებლის ექს-მეუღლეს ჩაიყვანენ. ჯერ უცნობია, თუ კონკრეტულად რას ითხოვს გამტაცებელი.
ლარნაკას აეროპორტში ამ დრომდე დგას ეგვიპტეში გატაცებული თვითმფრინავი. კვიპროსის ლარნაკას აეროპორტი დაიკეტა. როგორც მედია იტყობინება, ყველა თვითმფრინავი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პაფოსის აეროპორტში ჩადის. ადგილობრივი ხელისუფლება გამტაცებელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბოლო ინფორმაციით, ბორტზე იმყოფება ეკიპაჟი და 4 მგზავრი. დანარჩენი მგზავრები გამტაცებელმა გაათავისუფლა.