საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" ისევ კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე პარტიების სახით, ამაზე გადაწყვეტილება კოალიციაში ერთობლივად იქნება მიღებული, - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს რუსტავში განაცხადა, სადაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საოლქო კონფერენცია ჩატარდა.
,,2012 წლიდან მოყოლებული ვამბობდი, რომ ოდესღაც კოალიცია დაიშლება, ეს არის ნორმალური პროცესი, აქ ტრაგედია არაფერი არ არის. ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას და მერე უკვე პარლამენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა კოალიცია. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა ბატონ პრემიერ-მინისტრთან კოალიციურ რეჟიმში ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება", - აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, პარტიაში იქნებიან ახალი სახეები და მათი ვინაობის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.