აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა გასამართლებულ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების უფლება მიეცეს. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კერიმ რუს კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"მე ვისაუბრე ნადეჟდა სავჩენკოზე და იმაზე, რომ მას უნდა მიეცეს უფლება დაბრუნდეს უკრაინაში. ეს ჰუმანიტარული ხასიათის საკითხია და დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს", - აღნიშნა კერიმ.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან ჯონ კერის ყველა შეკითხვას სავჩენკოსთან დაკავშირებით უპასუხა. "ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რითიც ზოგიერთი სპეკულირებს, საშიში არ არის", - განაცხადა ლავროვმა.
უკრაინელ მფრინავს, ნადია სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დონბასში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაშია ბრალდებული. თავად სავჩენკო დანაშაულს არ აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ ,,გრანი რუ“-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. გამოცემა კიევში, რუსეთის ელჩის მიხეილ ზურაბოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში გასამართლებული სავჩენკო უკრაინას 2 კვირის ვადაში გადაეცემა. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ზურაბოვმა დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია არის თუ არა საუბარი ტყვეთა გაცვლაზე. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო სავჩენკო უკრაინისთვის ჯერ კიდევ 8 მარტს გადაეცა, თუმცა მოსკოვმა ეს კიევში, რუსეთის საელჩოზე თავდასხმის გამო გადაიფიქრა.