2016 წლის 25 მარტს, 14:30 საათზე, ქ. თბილისის #186 საჯარო სკოლაში გაიმართება გამოფენა და მოსწავლეთა თხზულებების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება თემაზე „ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში“.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას საქართველოს ისტორიიდან 10 გამოჩენილი ქალბატონის საქმიანობის შესახებ. ნაჩვენები იქნება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თემაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ამსახველი ვიდეო რგოლი. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავს ქ-ნი ფრანჩესკა კელი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეუღლე, რომელიც საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში ქალის როლის შესახებ თხზულებების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელებით დააჯილდოვებს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები აშშ-ის ელჩს, მის მეუღლესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გამართავენ დისკუსიას თემასთან დაკავშირებით.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქ-ნი შორენა ბუხრაშვილი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება იმართება სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International-ის მიერ. პროგრამა დახმარებას უწევს 480 სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.