ამერიკელმა პოლიციელებმა აშშ-სა და მექსიკას შორის ნარკოტრეფიკისთვის განკუთვნილი 380 მეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს.
უცხოური მედიის ცნობით, გვირაბის ერთი მხარე აშშ-ს ქალაქ კალექსიკოს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში იწყებოდა და მეორე ბოლო მექსიკის მხარეს, ქალაქ მეხიკალიში მდებარე რესტორნის სარდაფში ამოდიოდა. მას თებერვლიდან იყენებდნენ.
სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად 612 კილოგრამი მარიხუანაც ამოიღო, რომლის ფასი 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
სპეცოპერაციის დროს პოლიციამ ჯოალ დუარტე მედინა და მანუელ გალეგოს ჰიმენესი დააკავეს, რომლებიც იმ სახლში იმყოფებოდნენ, საიდანაც გვირაბის შესასვლელი იყო.
ასევე, პოლიციამ არიზონას შტატში ორი ქალბატონი - მარსია მანუელა დუარტე და ევა დუარტე მედინა დააკავა. ოთხივე დაკავებულს სასჯელი ელის.