24 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) გაიხსნება მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა „ილუზიები“. გამოფენა რამდენიმე თემას აერთიანებს: „ტანგოს ლანდები“, „მანეკენი და სიცოცხლე“, „გრაფიკული ფოტოები“, „ფერწერული ფოტოები“, „აკვარელი“, „შუქ-ჩრდილები“ და სხვა.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს მანანა მენაბდის მიერ, 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები. ფოტოგამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ART&SOCIETY. ფოტოგამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი.
მანანა მენაბდე ფოტოგრაფიასა და მხატვრობაში 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მენაბდის პერსონალური გამოფენები ხშირად ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინასა და რუსეთში.