რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების წინა პერიოდში, ოფიციალური თბილისის მხრიდან, „ანტირუსული თავდასხმები მკვეთრად გააქტიურდა".
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრაზე პრაღაში, ჩვენ მოვუწოდეთ პარტნიორებს დაიცვან ზომიერება საკუთარ პიარვარჯიშებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესისთვის", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, „ქართული კონფრონტაციული პროპაგანდა" უარყოფითად მოქმედებს ჟენევის დისკუსიების ატმოსფეროზე და ამავე კონტექსტში განიხილავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
რუსეთის საგარეო უწყება ამ ანგარიშებს უწოდებს „ღია ცილისწამებას" და ფაქტების დამახინჯებას აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთისა" და რუსეთის მისამართით.