საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ რეგიონული საჯარო ლექციების ციკლი გახსნა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, რომელიც სახელმწიფო მოწყობის საკითხებზე დისკუსიებს და საჯარო ლექციებს ითვალისწინებს, ჩართული იყვნენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, რადგან სახელმწიფო მოწყობის საკითხები დღეს ძალიან აქტუალურია და მასზე კვალიფიციური დისკუსია აუცილებელია.
როგორც პროექტის დირექტორმა, პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა განაცხადა, ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი გაგების, აზრის ჩამოყალიბებას. „დემოკრატიული საზოგადოება მხოლოდ მაშინ შედგება, როცა მისი თითოეული წევრი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო მოწყობის პროცესში და ეს პროცსი არ მოიცავს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას“ - აღნიშნა მამუკა ბერიაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლექციები 11 თვის განმავლობაში ჩატარდება და დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანთა უფლებების, აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკაზე ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები: შტეფან გოზეპატი, ანდრეას არნდტი, მათიას კუმი, გეორგ ლომანი, თეო კობუში, ლუდვიგ ზიპი, მიხაელ კვანტე და მარკუს გაბრიელი.