რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. 20 მარტი ქვეყანაში გლოვის დღედაა გამოცხადებული. სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს და გასართობი ღონისძიებები გააუქმეს.
დონის როსტოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. სამაშველო სამუშაოებში 700-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა. დღესვე შესაბამისი ორგანოები ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად თვითმფრინავის ფრაგმენტების შესწავლას დაიწყებენ. გარდა ამისა, დაიწყება დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი.
დუბაიდან მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა Boeing 737-800-მა დონის როსტოვში კატასტროფა გუშინ განიცადა. საგამოძიებო კომიტეტი ავარიის სამ ძირითად მიზეზს განიხილავს: ესენია თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, ამინდი და ეკიპაჟის შეცდომა.
კატასტროფის მომენტში ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.