დღეს ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად "ბრიტანულ-ქართულმა პროფესიულმა ქსელმა" (UGPN) და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველომ" პრესკონფერენცია გამართეს. ღონისძიების მიზანია, შეუერთდეს ამ დაავადებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კამპანიას და ამასთან, ხელი შეუწყოს C ჰეპატიტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას საქართველოში. პრესკონფერენცია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში გაიმართა.
"ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის" წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში პაციენტთა უმრავლესობას მედიკამენტების სიძვირის გამო დაავადების მკურნალობის, და ასევე დიაგნოსტიკის, ხარჯების დაფარვა არ შეუძლია - C ჰეპატიტის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისა და მართვისთვის აუცილებელ გამოკვლევათა საშუალო ღირებულება 1600 ლარია, ხოლო 48-კვირიანი მკურნალობის კურსისა, პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით - დაახლოებით 9000 ევრო. მათი თქმით, მკურნალობის ასეთი მაღალი ფასი იმითაა განპირობებული, რომ საჭირო მედიკამენტებს მსოფლიოში მხოლოდ 2 ფარმაცევტული კომპანია აწარმოებს და ეს მედიკამენტები დაპატენტებულია. სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები, მკურნალობის მაღალი ფასის გამო, ჩ ჰეპატიტის წინასამკურნალო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვაში მონაწილეობას არ ღებულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, არ არსებობს ჩ ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები; დაბალია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ადვოკატირების პროცესში და დაავადებულთა ინფორმირებულობის დონე.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ჩ ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება ჩაიტაროს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. სამუშაო ჯგუფი 9 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, C ჰეპატიტთან დაკავშირებული საკითხების გასაშუქებლად შექმნილია ქართულენოვანი ბლოგი C ჰეპატიტის-Georgiablogspot.com, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ საინტერესო ინფორმაცია და მასალა ამ დაავადებაზე და მონაწილეობა მიიღონ ფორუმის მუშაობაშიც.
ცნობისთვის, კამპანიაში "ეს ჰეპატიტია..." წელს მსოფლიოს მასშტაბით 64 ქვეყანა და 280 ორგანიზაციაა ჩართული. კამპანიის მთავარი გზავნილია საზოგადოების დაფიქრება კითხვაზე "მე ვარ მე-12?" რაც იმ შემაძრწუნებელ სტატისტიკას ასახავს, რომლის მიხედვითაც ყოველი მე-12 ადამიანი მსოფლიოში ქრონიკული B ან C ჰეპატიტითაა დაავადებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 170 მლნ. ადამიანია ჩ ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს;
B ან C ჰეპატიტით მსოფლიოში ყოველწლიურად 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება;
ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ჯერ მეტია შიდსით დაავადებულებზე და მათმა უმრავლესობამ არ იცის თავისი დაავადების შესახებ; ჩ ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. დღესდღეობით ჩ ჰეპატიტის ვირუსით დაახლოებით 200 000 ადამიანი ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული.