დღეს თბილისისა და დუბლინის დამეგობრების ორი წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, "თბილისი Event Hall"-ში, 20:00 საათზე, ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების - Jack Lukeman-ის და "ნიუტონის" ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ირლანდიური ჯგუფი საქართველოს პირველად ეწვევა და ქართველ მსმენელს შესთავაზებს ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს, გააცნობს ირლანდიურ კულტურას.
"თბილისი Event Hall"-ში გამართულ საღამოს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
"აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვიზიტები განსაკუთრებით გახშირდა და მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს თბილისის მერის, დავით ნარმანიას დუბლინში ვიზიტისას, ხელი მოეწერა ორ ქალაქს შორის ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მყარი ნარჩენების მართვისა და ადგილობრივი მმართველობის სფეროში თანასწორობის, პარტნიორობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.
საღამო კომპანია "ჯორჯიან ივენთსის" ორგანიზებით იმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. პროექტის საინფორმაციო პარტნიორია "რადიო იმედი". ღონისძიების სპონსორია კომპანია "ნატახტარი".