ვიქტორ შოკინი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, 16 თებერვალს დატოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობა, კვლავ შეუდგა ამ პოსტზე საქმიანობას. ინფორმაციას ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლება“ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების ფონია პროფილური საპარლამენტო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომ გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე დადგეს. შოკინის მოადგილე ვლადისლავ კუცენკო აცხადებს, რომ რადაში არ შეგროვდა საკმარისი ხმები, რაც გენერალური პროკურორის გადაყენებისათვის არის საჭირო“.
აშშ და ევროკავშირი სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებას ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრისაკენ მიმართული შიდა რეფორმების განხორციელებისაკენ. გენერალური პროკურორის პოსტზე ვიქტორ შოკინის დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე, 15 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა ამერიკელ სენატორებს გააცნო ვითარება უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. მისი თქმით, ოლიგარქები და კლეპტოკრატები, რომლებიც მრავალი წელი აკონტროლებდნენ უკრაინას, ყველანაირად ცდილობენ რეფორმების შეჩერებას.