ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოში ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთთან საგარეო ვექტორისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია.
“ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია . თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, რა თქმა უნდა, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია. თუმცა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელ რეჟიმშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა, დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებაა.
„ახლა მთავარი საფრთხე არის საპარლამენტო არჩევნები და ამ კუთხით საქართველოში გაზრდილი პროვოკაციული ანტირუსული განცხადებები ხელისუფლების მხრიდან და პრეზიდენტისგანაც კი. ახლა ვდგავართ წყალგამყოფის წინაშე, ან ვუბრუნდებით კონფრონტაციის პერიოდს ან დავალაგებთ ურთიერთობებს. თავდაცვის მინისტრი მოუწოდებს მსოფლიოს რუსეთის საფრთხის წინაშე გაერთიანებას, ასეთი განცხადებები არაა საპატიებელი, ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”, - განაცხადა კარასინმა.