დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩი იანოშ ჰერმანმა 14 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას („ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი“ Technical Cooperation Facility – TCF) მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ასოცირების შეთანხმების, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების საექსპერტო მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
უწყების ინფორმაციით, ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა სახის პროგრამებისა და ინტრუმენტების საშუალებით ხორციელდება.
2007 წლიდან ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ინსტიტუციუნალური განვითარების პროგრამების დაფინანსება, რომელთა მიზანია საჯარო უწყებების ინსტიტუციური განვითარება.
"მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, სახელმწიფო სტრუქტურები იღებენ შესაბამის დახმარებას ევროკავშირის მხრიდან, რათა ამ კანონმდებლობის, ამ ახალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ვიყოთ მზად. ეს სხვა და სხვა ფორმით ხორციელდება. ესაა TA-ის (ტექნიკური დახმარების პროგრამა) პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის შესაბამის ქვეუწყებებთან მონათესავე ინსტიტუტები ახორციელებენ თანამშრომლობის პროექტებს, გამოცდილების გაზიარებას. ეს არის ტექნიკური დახმარების პროექტები, რომლის ფარგლებშიც უკვე კერძო კომპანიები ახორციელებენ შესაბამის მხარდაჭერას სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ რესურსის ათვისება მოხდება ევროკავშირის დახმარების ინსტიტუციური განვითარების პროგრამებით, როგორიც არის:
- საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (TWINNING), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საჯარო უწყებების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვებას;
- ტექნიკური დახმარების პროგრამა (TA), რომელიც გულისხმობს კერძო საკონსულტაციო კომპანიის მიერ საექსპერტო მხარდაჭერის გაწევას მიმღები უწყებისათვის.