ანკარის სასამართლომ "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ,,ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გადაწყვეტილება თურქეთის დედაქალაქში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღეს, რომელსაც 34 ადამიანი შეეწირა. სოციალური ქსელებით აფეთქების, დაღუპულებისა და დაშავებულების ამსახველი ფოტომასალები გავრცელდა.
აფეთქება ანკარაში გუშინ საღამოს ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
როგორც თურქეთის დაზვერვის სამსახურის წყარო იტყობინება, მთავრობა ეჭვობს, რომ თავდასხმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული.