პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარემ იზოლდა ქემოკლიძემ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. საკითხი 90-იანი წლებიდან გაჩერებულ ბინათმშენებლობებს ეხება.
ქემოკლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულმა საკითხმა ის დაავადმყოფა და "ოცნების" იმედი აქვს, რომ მათ შეთავაზებას გაიზიარებს.
აღნიშნულმა განცხადებამ კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გააღიზიან. მისი შეფასებით ქემოკლიძის განცხადება შანტაჟია.
"ვინაიდან, მოგიწვიეთ, ამიტომ, შანტაჟს მიწყობთ?! - არც შანტაჟის მეშინია და არც სხვა რამის. ეს დადგენილება 1998 წელსაა მიღებული. მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ახლა პასუხს მე მთხოვთ? 1998 წლის შემდეგ სასამართლოში გედავათ. ყველას მაგივრად, მე როგორ გიპასუხებთ? - ვცდილობ, რაღაცით დაგეხმაროთ. თუკი გსურთ, რომ რაღაც ემოციები აჩვენოთ, ეს ასე არ არის. თუ გადაწყვეტა გვინდა, დავსხდეთ, წყნარად ვილაპარაკოთ და იმაზე ვისაუბროთ, რა გამოვა. ვინმეს ვერც მაგრად მოთხოვნით შეაშინებთ. თქვენთან დანაშაული არ მაქვს. 700 კაცით რაც არ უნდა მაშანტაჟოთ, 700 ტანკით ვერ დამაშანტაჟებთ. თქვენ რაც არ უნდა ისაუბროთ, იქამდე ვერ მივალთ, რომ დღესვე ბინები დაგირიგოთ! ქალბატონო, ქვეყანას კიდევ სხვა პრობლემები აქვს და ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ ამაზე ხომ არ იმუშავებს?!", - მიმართა მეჭიაურმა ქემოკლიძეს.