გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ორგანიზებით, 2016 წლის 11 მარტს, 16 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის 27, თბილისი) დარო სულაკაურის ფოტოგამოფენა „დაკარგული სიყმაწვილე“ გაიმართება.
ღონისძიება ტარდება ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. ფოტოგამოფენის მიზანია, ხაზი გაუსვას ადრეული ქორწინების საკითხის აქტუალობას და ქორწინებაში მყოფი მოზარდების ფოტოების საშუალებით ნათლად წარმოაჩინოს საქართველოში არსებული ის სამწუხარო რეალობა, რომელიც ადრეულ ქორწინების პრაქტიკას უკავშირდება.
დარო სულაკაური ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ის რამდენიმე პრესტიჟული პრემიის ლაურეატია, მათ შორისაა ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. „დაკარგული სიყმაწვილე“ ფოტოგრაფის თვალით დანახული რეალობაა, საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობა, რომელიც ადრეული ქორწინების თანმდევი პრობლემების სიღრმეებს გვიჩვენებს.
ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, „ადრეული ქორწინება გოგონებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში, მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო, როგორც პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე, ასევე თემებთან და თვითონ მოზარდებთან მათი დამოკიდებულების შესაცვლელად.“
გამოფენა კიდევ ერთხელ განამტკიცებს მოსაზრებას, რომ ამ მავნე პრაქტიკის პრევენციისა და მოზარდი გოგონების დასაცავად შესაბამისი ზომებისა და ქმედებების განხორციელება გადაუდებლად აუცილებელია.