პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის, კომპანია BP-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც რიოს 2016 წლის პარაოლიმპიადისთვის მზადებას შეეხებოდა. მაკა ჩიჩუამ ღონისძიებში მონაწილეობა, როგორც პარაოლიმპიელთა მეგობართა კლუბის საპატიო წევრმა, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო. პირველმა ლედიმ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყანაში პარაოლიმპიური სპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა:
„მრავალჯერ მითქვამს და მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და პირიქით, თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ჩემთვის, როგორც თქვენი დიდი გულშემატკივარისათვის, ყოველთვის ბედნიერებაა თქვენ გვერდით ყოფნა. გიდასტურებთ ჩემს თანადგომას, თუ რამე შემიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიდეთ და უფრო ბევრმა მოვიპოვოთ ლიცენზიები და მრავალ ოლიმპიადაზე ვიასპარეზოთ. მე ყოველთვის მზად ვარ დაგეხმაროთ. წარმატებას გისურვებთ და მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აქ ვიმყოფები. დიდი მადლობა მოწვევისათვის“, - განაცხადა პირველმა ლედიმ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ BP საქართველოში, პარაოლიმპიური კომიტეტის და სამი პარაოლიმპიელი ელჩი სპორტსმენის ზვიად გოგოჭურის, ირმა ხეცურიანისა და ნიკა თვაურის ოფიციალური სპონსორია.
2016 წლის პარაოლიმპიადის სალიცენზიო მარათონში, ქართველმა პარასპორტსმენმა, სპორტული პრინციპებით, ისტორიაში პირველად შეძლო ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის უფლების მოპოვება. მხედველობა დაქვეითებულთა შორის ძიუდოში, საქართველოს, რიოს პირველი ლიცენზია სპორტსმენმა ზვიად გოგოჭურმა მოუტანა.
ლიცენზიისთვის ბრძოლას წარმატებით განაგრძობენ ეტლით მოფარიკავე - ირმა ხეცურიანი და მოცურავე - ნიკა თვაური. წელს ირმამ უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართულ შეჯიბრებაზე არაოლიმპიურ სახეობაში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიურ დისციპლინაში, რაპირით ფარიკაობაში კი უძლიერეს 8 მონაწილეს შორის შევიდა და მნიშვნელოვანი სარეიტინგო წინსვლა განიცადა. მას რიოს ლიცენზიამდე მხოლოდ 10 ქულა აშორებს.
ნიკა თვაურს მაისში პორტუგალიაში გასამართი ევროპის პირველობა ელის, სადაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემთხვევაში, პირველი ქართველი პარასპორტსმენი იქნება, რომელიც ზედიზედ ორ პარაოლიმპიადაზე შეძლებს გამოსვლას.
საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაში, კომიტეტის ძალისხმევით, არაერთი შშმ-პირი იქნა მაღალი მიღწევების სპორტში ჩართული.