პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, ქვეყანამ განათლების საკითხში,, ბევრ რამეს თავი ჯერ კიდევ ვერ მოაბა“. კონფერენციაზე "სასკოლო განათლება - საქართველოს მომავალი" მან ასევე განაცხადა, რომ პრობლემა არის პოლიტიკოსებში.
,,ანუ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებში და ეს პრობლემა ძალიან ნათლად ჩანს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა იმ სფეროში, რომლის რეფორმირებას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა და გრელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, შემუშავება და გაყოლა. ყველა იმ საკითხში, რომელიც ვერ ეტევა ერთთვიანი, ან ოთხწლიანი სახელისუფლებო ციკლის პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად, ყველგან დიდი პრობლემები გვაქვს", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამაზე ნათლად მეტყველებს ციფრები, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემის დონის სხვადასხვა ტიპის კვლევებში იკვეთება.
,,სასკოლო განათლების ამოცანა არ არის ის, რომ ჩვენ საამაყოდ განათლებული ადამიანები გვყავდეს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ადამიანი განათლებული გვყავდეს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ სფეროში ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ძალიან დიდია ზღვარი კარგად განათლებულ უმცირესობასა და დანარჩენ ახალგაზრდობას შორის. არადა, ეს დანარჩენი ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.