გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი ვენას სტუმრობდა. ნინო ხარატიშვილი ავსტრიის დედაქალაქში ადგილობრივ და ქართველ ფანებს შეხვდა. ღონისძიება ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და ვენის ცნობილი წიგნის სახლის (Hartliebs Bücher) ორგანიზებით გაიმართა. საღამოზე წარმატებული რომანების ავტორმა თავისი ბოლო ნაწარმოებიდან „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ ამონარიდები წაიკითხა და მკითხველს თავისი შემოქმედების შესახებ უამბო. ივენთზე მისულ სტუმრებს ქართული ღვინისა და ხაჭაპურის დეგუსტაციის საშუალება მიეცა.
ნინო ხარატიშვილი გერმანიაში მცხოვრები და თეატრალურ სამყაროში კარგად ცნობილი ქართველი მწერალია. მისი რომანი “ჟუჟა” 2010 წელს გერმანიაში გამოცემული წიგნების ბესტსელერთა სიაში მოხვდა და ამისთვის ნინო ხარატიშვილს გერმანული ლიტერატურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის ადალბერტ ფონ შამისოს პრემია გადასცეს. 2011 წელს ნინო ხარატიშვილის მერე რომანი – “ჩემი ნაზი ტყუპისცალი” – გამოვიდა, რომელმაც არანაკლები წარმატება მოუტანა ავტორს. გერმანელმა კრიტიკოსებმა ის თანამედრვე კლასიკად შეაფასა. ნაწარმოები წლის 10 საუკეთესო წიგნთა შორის მოხვდა და გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემლობათა ასოციაციის პრემიით დაჯილდოვდა.
2014 წელს გამოსული „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ წლის წასაკითხ საუკეთესო წიგნად და ასევე საუკეთესო გამოცემად იყო დასახელებული. რომანში რვა სიცოცხლის ამბავია მოთხრობილი. რომანის ლიტერატურულ მასალად საქართველოს ისტორიის ბოლო 100 წელი, დღევანდელობამდე არის აღებული. თხრობა იწყება პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის მიჯნაზე. რომანის მუშაობის პროცესში მწერალს სხვადასხვა ქვეყანაში მოუხდა მოგზაურობა, მათ შორის რუსეთში, სადაც ის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის არქივში დოკუმენტურ მასალას იკლვევდა.
2011 წლის სოციოლოგიური გამოკლევის მიხედვით, ნინო ხარატიშვილი იმ 100 ქალთა შორის არის დასახელებული, რომლებიც გერმანიის მომავალს განსაზღვრავენ.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ვენა, მიშა ხაჩიძე