ევროკომისიის დოკუმენტების რეესტრში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა გამოქვეყნდა. დოკუმენტში #539/2001, ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა და აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს იმისათვის, რომ მისი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს.
დღესვე, თბილისის დროით 20:30 საათზე, მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი პრესკონფერენციას გამართავს, რა დროსაც ინიციატივას ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგენს.
საკანონმდებლო ინიციატივა ახლა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნას 180-დღიან პერიოდში, ჯამში 90 დღით შეძლებენ.