2016 წლის 9 მარტს 19.00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზ.27) გაიხსნება მერაბ აბრამიშვილის გამოფენა და გაიმართება მხატვრის ახალი კატალოგისა და მისი სახელობის ფონდის ”ბიზონი” პრეზენტაცია. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით პროექტს წარმოადგენს ბაია გალერეა (კურატორი: ბაია წიქორიძე).
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის შემოქმედება 1985-დან 2006 წლამდე, საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებიდან. სავარაუდოდ 200–ზე მეტი ნამუშევარი; ასევე ფოტო და საარქივო დოკუმენტები. ღონისძიებისთვის მომზადდა და გამოიცა მხატვრის ნამუშევრების ახალი, მესამე კატალოგი. თბილისის შემდეგ იგეგმება გამოფენის ექსპონირება სხვადასხვა ქვეყნებში, რაც უდავოდ დიდ როლს შეასრულებს თანამედროვე ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
გამოფენაზე, კატალოგის გარდა, წარმოდგენილი იქნება და გაიყიდება მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების მიხედვით შესრულებული სხვადასხვა პროდუქცია. გამოფენა გაგრძელდება 2016 წლის 3 აპრილამდე.
მერაბ აბრამიშვილი (1957 – 2006) თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მისი სტილი, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ კი ქართული ფრესკების თანამედროვე ტრანსფორმაციის უჩვეულო მაგალითს წარმოადგენს, განსაკუთრებულ მოვლენად აღიქმება არა მხოლოდ ქართული ხელოვნების ფონზე, არამედ თანამედროვე მსოფლიოს ხელოვნების სივრცეშიც, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ მხატვარმა უკვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე. 2013 – 2014 წწ. მისი ნამუშევრები წარმატებით მონაწილეობდა ლონდონის სოთბის სააუქციონო სახლის მიერ გამართულ გამოფენებზე “გზაჯვარედინზე 1. შუა აზიისა და კავკასიის თანამედროვე ხელოვნება” და “გზაჯვარედინზე 2. სტამბულიდან ქაბულამდე”, ასევე სოთბის 2014 – 2015 წელს გამართულ სხვადასხვა აუქციონებზე. მხატვრის ნამუშევრების დიდი ნაწილი საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.
გამოფენის საინფორმაციო უზრუნველყოფა – ბაია გალერეა;
ტელ: 032 275 45 10; 557 77 12 44; www.baiagallery.ge foundationbison@gmail.com