,,თავისუფალ დემოკრატებს" ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი შეუერთდა. ის დღეს საზოგადოებას ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. მისი თქმით, ზაზა ფირალიშვილის პარტიაში ყოფნა იმის ნიშანია, რომ ის ჩაუდგება სათავეში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებს: განათლების მეცნიერებისა და კულტურის დაგეგმვის საქმეს.
,,ამაყი ვარ, რომ შემოგვიერთდა გამორჩეული ინტელექტუალი, შეუბღალავი ავტორიტეტის და მაღალი პროფესიული სტანდარტის ადამიანი ზაზა ფირალიშვილი. როცა ჩვენს გვერდით დგებიან ისეთი მოაზროვნე ადამიანები, როგორიცაა ბატონი ზაზა, გვიმყარებენ იმ განცდას, რომ არ არსებობს ისეთი სირთულე, რომელიც შეიძლება "თავისუფალმა დემოკრატებმა" ვერ გადავლახოთ. ისინი მორალურად გვამხნევებენ და გვძენენ თვითრწმენას იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის საქმის მოგვარება და პრობლემების გადაწყვეტა შეგვიძლია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება ზაზა ფირალიშვილს, მისი შეფასებით, "თავისუფალი დემოკრატები" რაციონალური და ცივილიზებული პოლიტიკური კულტურის მატარებელი ძალაა.
"2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის არჩევნებამდე პერიოდში მე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი "თავისუფალ დემოკრატებთან" და არც მას შემდეგ შემიწყვეტია მასთან ურთიერთობა. ყველაზე მძაფრი პოლიტიკური სიტუაციის დროსაც ამ პარტიის წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რაციონალიზმს, წონასწორობას და პოპულისტური ცეცხლოვანი რიტორიკისთვის არ შეუწირავთ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ესაა რაციონალური და ცივილიზებული პოლიტიკური კულტურის მატარებელი ძალა. ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალები ჩვენი კულტურის ორგანულ ნაწილად აქციოს ისე, რომ არ დაუპირისპირდეს კულტურის ძირეულ პარადიგმებს. ჩვენს ისტორიულ სიტუაციაში ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ არის. ჩვენ მრავლად გვინახავს ლიბერალური ყაიდის პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც თავის პათოსს ხშირად ჩვენი კულტურის ბუნებრივი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართავდნენ და ერთგვარი ქირურგიული ჩარევით ცდილობდნენ მის შეცვლას. შედეგად კი ამას საპირისპირო შედეგი - ექსტრემისტური რელიგიური და ეთნოფეტიშისტური განწყობების გაძლიერება მოჰყვა. ეროვნულ, რელიგიურ და ზნეობრივ ღირებულებებზე ინიციატივის აღებას შეეცადნენ ის ძალები, რომლებიც იმ სამყაროში გვიპირებენ მიბრუნებას, რომლისგან თავის დაღწევასაც არაერთი თაობის ძალისხმევა მოხმარდა. შეიქმნა პარადოქსული ვითარება: კულტურული იდენტობის დაცვის სახელით გამოდიან დაუფარავად თუ ცუდად შენიღბული პრორუსული ძალები. "თავისუფალ დემოკრატებს" ძალუძთ დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ კონფლიქტი ჩვენს სულიერებასა და ევრო-ამერიკულ სამყაროებს შორის მხოლოდ მავანთა წარმოსახვაში არსებობს", - განაცხადა ფირალიშვილმა.
პარტიის ახალი წევრის განმარტებით, "თავისუფალ დემოკრატებში" თავმოყრილი ადამიანები თავისი სფეროების პროფესიონალებს წარმოადგენენ და მათთვის უცხოა პოპულიზმისთვის ხარკის გადასახდელად უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება.