პლასტიკური ქირურგები ამტკიცებენ, რომ საღეჭი რეზინის მოყვარულებს, სხვასთან შედარებით, უფრო ხშირად აღენიშნებათ ნაოჭები პირის გარშემო.
დერმატოლოგმა და პლასტიკურმა ქირურგმა ომახიდან (ნებრასკას შტატი, აშშ) ჯოელ შლესინგერმა შენიშნა, რომ მისი პაციენტების უმრავლესობა, რომლებიც მას ტუჩებსა და პირის გარშემო ნაოჭების მოსაცილებლად მიმართავდნენ, რეგულარულად მოიხმარდა საღეჭ რეზინს. მისი აზრით, სწორედ საღეჭი რეზინია ნაოჭების წარმოქმნის ძირითადი მიზეზი.
იგივე აზრისაა ბევრი ექსპერტიც. მათი თქმით, რეზინის ღეჭვა ზედმეტად ჭიმავს სახის კუნთებს, რაც პოტენციურად იწვევს კანის საფარველის საყრდენი ქსოვილის დარღვევას. შედეგად, კანი კარგავს ელასტიკურობას და პირის ირგვლივ ჩნდება ხაზები და ნაოჭები.
საღეჭი რეზინის მოხმარება უკუნაჩვენებია, ასევე, ფილერების დახმარებით ნაოჭების გადასწორების შემთხვევაში. ფილერები სინთეტიკური და ნატურალური გელებია, რომლის იმპლანტაცია ხდება კანში. ისინი იწვევს კანის აწევას, საფარველის საერთო ზედაპირის გათანაბრებას და ნაოჭების გადასწორებას. ასეთი პროცედურის შემდეგ საღეჭი რეზინის გამოყენება იწვევს დადებითი ეფექტის გაქრობას, რადგან ხდება ფილერების გადაადგილება და ნაოჭების კვლავ წარმოქმნა.