საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოელის, რომ ევროკავშირი ივნისის ბოლოს მოახდენს ვიზების ლიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისათვის.
მინისტრმა, დღეს ბრიუსელში ვიზიტისას ,,რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ევროკომისია, რამდენიმე დღეში გასცემს რეკომენდაციას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. მისივე ვარაუდით, ევროპარლამენტის დეპუტატები მოკლე დროში მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.
ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით ევროკავშირი ერთად განიხილავდა უკრაინისა და საქართველოს საკითხებს ამ კვირამდე, როცა ევროკომისიამ მიანიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში, პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება. როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირმა რადიოს განუცხადა, ბრიუსელში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უკრაინაში მიმდინარე პროცესი პოლიტიკურად არასტაბილური ვითარების და რეფორმების სინელის გამო.