2 მარტს, 20 საათზე, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში ახალი პროექტის „მუზამე“ პრეზენტაცია გაიმართება, რომლის ფარგლებში თბილისს ავსტრიული მუსიკალური ექსპერიმენტული პროექტი „Soap&Skin” ეწვევა.
„Soap&Skin” 25 წლის ავსტრიელი ხელოვანის ანია პლაშგის პროექტია, რომელმაც თბილისში პირველი ვიზიტისას ქართველი მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
ანია ავსტრიული პოპის ახალ ვარსკვლავადაა აღიარებული, Björk-ისა და სერგეი რახმანინოვით შთაგონებულმა, სადებიუტო ალბომი Lovetune for Vacuum 2009 წელს გამოუშვა და მალევე მოხვდა ავსტრიის, გერმანიისა და საფრანგეთის მუსიკალურ ჩარტებში.
Soap&Skin-ის პერფორმანსისას განსაკუთრებული ეფექტი მის მოულოდნელ, ექსპრომტზე დაფუძნებულ ცოცხალ შესრულებას და სასცენო მოძრაობებს აქვს, რაც მის შემოქმედებას უნიკალურად აქცევს.
ანია ამჟამად რუთ ბეკერმანის (Ruth Beckermann) ფილმში The Dreamed Ones მონაწილეობს, ორი არტისტის ისტორიის პრემიერა ბერლინალეს კინოფორუმის ფარგლებში შედგა.
ახალი პროექტის, “მუზამეს” მიზანია თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს შესთავაზოს განსხვავებული მუსიკალური ლაივები და მოახდინოს ვიზუალური, სასცენო და მუსიკალური ხელოვნების ინკორპორაცია. “მუზამე” ექსპერიმენტალური პროექტია, რომელიც ყოველ ჯერზე ითანამშრომლებს ორიგინალური იდეების მქონე უცხოელ და ქართველ ახალგაზრდა ხელოვანებთან.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge