„როდესაც არჩევნების გაყალბებას აბრალებენ ჯარს, ეს არა მხოლოდ თინა ხიდაშელს ეხება, ეს არის საკითხი, რომელზეც მე არ შემიძლია თვალი დავხუჭო,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. ინგა გრიგოლიას „დღის ამბებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
„ასიათასჯერ როდესაც გაგცემენ პასუხს, მოგიტანენ დოკუმენტს, ატვირთავენ საჯარო სივრცეში ამ დოკუმენტებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია წაიკითხოს, ჩაიხედოს, გაიგოს და მაინც იგივეს იმეორებ, უკვე ძალიან სასაცილო ხარ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სასაცილო ხარ - შენი პრობლემაა, მაგრამ ჯარს არ უნდა შეეხო,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„კიდევ უფრო მძიმე იცით რა არის? ის ბიჭები რომ არ არიან ცხვრები, ეს მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ დამტკიცებული თავიანთი სამხედრო კარიერის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სწორედ ეს ბიჭები, ქართველი სამხედროები ცხვრები გონია, ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია აქვთ. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის ჯარზე, ალბათ ყველაზე უფრო ღირსეულზე, რაც კი ამ ქვეყანაში ამ 25 წელში გადარჩა და დღემდე მოვიდა, ასე ილაპარაკონ, როგორც ისინი ლაპარაკობენ,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი განცხადებით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ბიჭებს ეხებათ საქმე. „ეს ადამიანები იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ავღანეთში და ავღანეთში მყოფი შეიარაღებული ძალები არანაირ მაჟორიტარულ არჩევნებში არ მონაწილეობენ მათი დისლოკაციის ადგილებში. მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ავღენეთში. საპრეზიდნეტო არჩევნებში ხმა მისცეს არა მუხროვანში, არამედ ავღანეთში. ავღანეთში იმყოფებოდნენ 7 თვის განმავლობაში და შენაერთის გამგზავრებამდე ავღანეთში, არსებობს წინასწარი მომზადების კურსი. რამდენიმე დღის წინ მე გერმანიაში ვიყავი სწორედ ჩვენ ბიჭებთან შესახვედრად, რომლებიც წინასწარ მომზადებაზე იმყოფებიან. აპრილში ისინი შემდგომ როტაციაზე გაემგზავრებიან ავღანეთში, მანამდე იმყოფებოდნენ გერმანიაში და კიდევ უფრო ადრე კრწანისის სასწავლო ცენტრში. ეს უკვე ადგილობრივ არჩევნებს ემთხვევა და შესაბამისად, ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს ბიჭები დაბრუნდნენ თებერვალში თუ იანვარში, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა.
მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს გამოიცა ბრძანება, როდესაც ისინი დაუბრუბდნენ დისლოკაციის ადგილს. ახლა იმაზე ლაპარაკობენ, რომ მე ხელოვნურად გადავაადგილე ჯარი სვანეთიდან, სამეგრელოდან... გამოდის, რომ იანვარში მინდია ჯანელიძემ ზუსტად იცოდა, რომ მას მაისში გადააყენებდნენ მინისტრობიდან, ასევე ზუსტად იცოდა, რომ ის ადამიანი, რომელიც მის ნაცვლად მინისტრი გახდებოდა, იქნებოდა საგარეჯოს მაჟორიტარი და შესაბამისად, საგარეჯოში რიგგარეშე არჩევნები იქნებოდა ჩასატარებელი, რომელიც გასაყალბებელი იქნებოდა და ამიტომ 2015 წლის იანვარში დილოკაციის ადგილად განუსაზღვრავთ საგარეჯო - ხომ ხვდებით, რა დონის აბსურდზე ვლაპარაკობთ,“ - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.