,,არ ვთვლით, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლითაა დაკავებული“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ "რუსთავი 2"-სა და "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებზე "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მედიის როლი განსაკუთრებით არჩევნების პერიოდშია მნიშვნელოვანი.
"ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების შესახებ, ვის მიმართაც გარკვეული პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებზე, მედიამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს დაბალანსებული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ ეს პრინციპი დარღვეულიყო, რადგანაც ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა, მისი, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამიტომაც მაშინ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, არ ვთვლით, რომ ხელისუფლება ამითაა დაკავებული", - განაცხადა იან კელიმ და დასძინა, რომ არსებობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომ მედია საქართველოში საკმაოდ თავისუფალია.
"თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით წინ კიდევ ბევრი შრომა გველის", - განაცხადა იან კელიმ.