ცხოვრების ხარისხის მიხედვით, თბილისი მსოფლიოს 230 ქალქს შორის 188-ე ადგილზეა. კვლევის შედეგები ამერიკულმა სააგენტო “მერსერმა” გამოაქვეყნა.
ამავე რეიტინგში ბაქო 197-ე ადგილზე მოხვდა, ერევანი - 182-ე, სტამბოლი - 122-ეა; მოსკოვმა 167-ე, ხოლო სანკტ-პეტერბურგმა 174-ე ადგილი დაიკავა. ქალაქების სიაში 176-ე აღმოჩნდა კიევი.
უკვე მეშვიდე წელია, ცხოვრების ხარისხის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილს ავსტრიის დედაქალაქი ვენა იკავებს, მას მოსდევენ ციურიხი და ოუკლენდი. პირველ ათეულში ასევე მოხვდა გერმანიის სამი ქალაქი - მიუნხენი (მე-4 ადგილი), დიუსელდორფი (მე-6 ადგილი) და მაინის ფრანკფურტი (მე-7 ადგილი).
230 მსხვილ ქალაქს შორის ბოლო სამეულს იემენის, ცენტრალური აფრიკისა და ერაყის დედაქალაქები შეადგენენ.
კვლევის ავტორები რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებდნენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს, განათლების, ჯანდაცვის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხს, ასევე უსაფრთხოების დონეს, სამომხმარებლო პროდუქტების ხელმისაწვდომობას, კომუნალური სამსახურების ფუნქციონირებას.