აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. შეთანხმება, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა ძალაში.
იორდანიაში ვიზიტად მყოფმა კერიმ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, თუმცა მისივე თქმით, ჯერაც რჩება შეუთანხმებელი საკითხები.
თავის მხრივ რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა შეთავაზება „სიარაში ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ, გამონაკლისს წარმოადგენს ოპერაცია იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულნი არიან ტერორისტულ ორგანიზაციებად“.
კერის თქმით, ის იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის საკითხს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განიხილავენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სირიის კრიზისის გადაწყვეტა სამხედრო გზით შეუძლებელია.