საქართველომ გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი იმისათვის, რომ წარმატებით დაესრულებინა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ჩვენ მივიღეთ დადებითი დასკვნა ევროკომიისგან და მოლოდინები ამ კუთხით არის მაქსიმუმზე აწეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა იქნება პირდაპირი საკვები ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალებისთვის.
”სწორედ ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ევროპელ მეგობრებს, პარტნიორებს რომ თუ არსებობს რაიმე სკეპტიკური შეხედულებები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ, მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული, ვინაიდან ჩვენ ყველა ტექნიკური პირობა უკვე დაკმაყოფილებული გვაქვს, ყველა სისტემა გვაქვს ადგილზე, სასაზღვრო კონტროლი ერთ-ერთი საუკეთესოა. საქართველოს აქვს ყველა საშუალება, რომ იყოს პასუხისმგებლობიანი პარტნიორი ევროპისთვის. ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ ყველა ჩვენს კოლეგამდე ევროპაში იმიტომ, რომ თუ არსებობს დღეს რაიმე ასოცირება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებასა და მიგრანტების კრიზისს შორის, ეს უნდა გავფანტოთ და უნდა ვაჩვენოთ ჩვენი, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების მზაობაც კოოპერაციისა და პარტნიორობისთვის. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოლოდინი მაღალია და სწორედ ამას ემსახურებოდა მიუნხენის კონფერენციაზე ჩემი თხოვნა ევროპელი კოლეგებისადმი, რომ მაქსიმალურად დააფასონ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ტრადიციულ საზოგადოებაში ზოგიერთი არაპოპულარული ნაბიჯიც, რომელიც შეგნებულად გადავდგით. როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ, ჩვენ არ მივდივართ ევროპისაკენ, ჩვენ ვართ ევროპა. საქართველო ტრადიციულად, კულტურულად, ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში იყო ევროპული კულტურის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ რეგიონში. ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ ევროპაში ვართ. ეს ხედვა, ეს აღქმა უნდა გავამყაროთ ჩვენს პარტნიორებში, რომ ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. .