დღეს, 17 თებერვალს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია. გამოცემის ავტორები არიან რუსუდან ქუთათელაძე და მზია ჯაფარიძე.
კულტურ45ის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მუსიკისმცოდნეები, შემსრულებლები, კომპოზიტორები, მხატვრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ქართული მუსიკის შესახებ ასეთი მოცულობის, თემატიკისა და შინაარსის ნაშრომი არასოდეს გამოცემულა - ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი პირველი და ერთადერთი გამოცემაა, რომელიც სრულად უყრის თავს ინფორმაციას ქართული მუსიკის შესახებ. გამოცემისთვის ინფორმაციის შეგროვებაზე შემოქმედებითი ჯგუფი წლების მანძილზე მუშაობდა.
ენციკლოპედია აერთიანებს ქართული მუსიკალური სფეროს ყველა ძირითად საკითხს და მიღწევას, რომელიც დაგროვდა ქართული მუსიკის განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. გამოცემაში თავმოყრილია რამდენიმე ათასი სიტყვა-სტატია. ენციკლოპედია ასევე მოიცავს ინფორმაციას საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორების, ჰიმნოგრაფების, პროფესიული და ხალხური შემსრულებლების, მუსიკისმცოდნეების, ოპერისა და ბალეტის არტისტების, ღვაწლმოსილი პედაგოგების, ესტრადისა და ჯაზის მუსიკოსების შესახებ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს აღნიშნული სფეროების განვითარებაში. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონის პირველ გამოცემაში მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას იმ ადამიანებზეც, რომელთა მოღვაწეობაც ქართულ მუსიკასთანაა დაკავშირებული: რეჟისორები, ლიბრეტისტები, ბალეტმაისტერები, ქორმაისტერები, მოცეკვავეები, მხატვრები, სცენოგრაფები, მწერლები, საქართველოსთან და ქართულ მუსიკასთან დაკავშირებული არაქართველი მუსიკოსები და ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეები. ენციკლოპედიაში დიდი ადგილი ეთმობა ქართულ მუსიკალურ ტერმინოლოგიას, ხალხურ საკრავებს, ხალხურ და აკადემიურ საგუნდო კოლექტივებს, ორკესტრებს, ანსამბლებს, ორგანიზაციებსა და სხვ. ვრცელი სტატიები ეძღვნება აფხაზურ, ოსურ მუსიკას და ქართულ მუსიკალურ დიალექტებს. თითოეულ მათგანს ერთვის შესაბამისი ბიბლიოგრაფია, ლიტერატურა, დისკოგრაფია და სხვ. გამოცემა ილუსტრირებულია დიზაინერ ნიკა ადლაშვილის მიერ.