დღეს, 15 თებერვალს, ცნობილი გახდება სიმღერა, რომლითაც ნიკა კოჩაროვი & YOUNG GEORGIAN LOLITAZ ევროვიზიის 61-ე კონკურსზე წარსდგება.
სიმღერის სახელწოდება გადაცემა კომუნიკატორში გახდება ცნობილი.
სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილი 5 სიმღერის პრეზენტაცია პირველი არხის გადაცემაში „კომუნიკატორი" 3 თებერვალს შედგა.
2016 წლის ევროვიზიისთვის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა, საბოლოოდ ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფმა ალტერნატიული ინდი როკის ჟანრში შექმნილი ხუთი კომპოზიცია შეარჩია.
ხუთივე სიმღერას „კომუნიკატორში" ნიკა კოჩაროვმა წარადგენა. გადაცემის დასრულების შემდეგ მაყურებელს ხუთივე სიმღერის სრული სახით მოსმენის და ხმის მიცემის საშუალება ქონდა.
4 თებერვლიდან პირველი არხის ეთერში სიმღერები დღის განმავლობაში ტრიალებდა, თითეულს მინიჭებული ქონდა სპეციალური ნომერი, სტაციონალური ტელეფონიდან ზარის განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა უფასო იყო.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ.