ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: რუსეთი რომ მიუშვა „ბრიტიშ-პეტროლიუმის“ სადენსაც იყიდის

რესპოდენტის შესახებ

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას მტკიცებით, იგეგმება იმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისება, რომლითაც საქართველო ინტერნეტს იღებს და მიბმულია ევროპასთან. სწორედ ამ განცხადების შემდეგ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში კომპანია "ვიმპელკომის" მიერ "კავკასუს ონლიანით" დაინტერესების საკითხი.

აღნიშნულ საკითხს ალასანია შემაშფოთებელს იქედან გამომდინარე უწოდებს, რომ კომპანია "ვიმპელკომი", რომელიც საქართველოში შპს "მობიტელის ("ბილაინი") სამარკო ნიშნით ოპერირებს, რუსული კომპანიაა.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელმაც საკომუნიკაციო სფეროში მოქმედ კომპანიებს ბიზნესგარიგების შემთხვევაში ნებართვა უნდა მისცეს, აცხადებენ, რომ მაგისტრალის გასხვისებაზე საუბარი არ არის.
აღნიშნული ბიზნესგარიგების განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, „ჯი-ეიჩ-ენი“ ექსპერტს კავკსაიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

 

-როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. იმის გათვალსწინებით, რომ დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ დიდია რისკი კიბერთავდასხმების - ეს საგანგაშო ინფორმაციაა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცახდება აღნიშნულ საკითხზე?

-მთავარი ის არის, რომ ასეთი სურვილი რუსეთის მხარეს, კერძოდ, კომპანია „ვიმპელკომს“ მართლა აქვს, მაგრამ მან საქართველოს მხარესთან მოლაპარაკების პროცესი უკვე დაიწყო თუ არა, ჩემთვის უცნობია. თუ ოფიციოზს დავეყრდნობით, ასეთი ტიპის მოლაპარაკება არ არსებობს და ქართული მხარე არ აპირებს ინტრნეტ-კაბელის გასხვისების პროცესის დასაწყებად ნაბიჯის გადადგმას.

 

-მაშინ რა უდევს საფუძვლად ალასანიას ამ განცხადებას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისებასთან დაკავშირებით?

 

-როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიასთვის რუსული კომპანიის სურვილი ახლა გახდა ცნობილი და პრევენციული განცხადება გააკეთა, რადგან მან არ იცის, საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთი ტიპის მოლაპარაკება მართლა მიმდინარეობას თუ არა.

 

-რაში უნდა სჭირდებოდეს საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის რუსეთისთვის გადაცემა?

 

-საქართველოს ხელისუფლებას ეს მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლება ესაჭიროებოდეს: ხაზინის შევსების თვალსაზრისით, რადგან პროექტი ძალიან ძვირადღირებულია და რუსეთის ზეწოლის გამო. რაც შეეხება იმას, რუსეთს რაში სჭირდება? - გახსოვთ ალბათ, მას შემდეგ, რაც საქართვლოს ენერგეტიკული სიმძლავრეების 72% რუსეთს მიჰყიდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ ფული არ ყარს და შესაძლებელია რუსეთი აკონტროლებდეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას, რაც არაფერს შეცვლისო. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ექსტრემალურ სიტუაციაში რუსეთს რომ დასჭირდეს, ყველა მექანიზმს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, მათ შორის იმ სიმძლავრეებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ენერგეტიკული იქნება ეს, თუ საკომუნკაციო. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რომელიც მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა, ამ თვალსაზრისით, რუსეთის აქტივობა არ დაგვინახავს, „თელასს“ ელექტოენერგია არ გაუთიშავს და „თბილისის წყალს“ წყალი არ შეუწყვეტია, მაგრამ რომ დასჭირვებოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა.

 

-თუკი რუსეთის ინტერესებში ინტერნეტ-სივრცის დაპატრონება შედის და ქართული მხარისთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებია, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთი დღეს სხვა რამისთვის შეიძლება ემზადებოდეს და მომავალში, ამ მოთხოვნას საქართველოს ხელსიუფლების წინაშე აუცილებლად დასვამს?

 

-რასაკვირველია, თუკი მოუნდება, ჰაკერები აღარ დასჭირდება და ინტერნეტს პირდაპირ გაგვითიშავს. ეს არ არის ახალი და დღევანდელი ხიფათი. ეს არის პერსპექტივა და სამომავლოდ გათვლილი ამოცანა. მაგალითად, რუსეთს ნაყიდი აქვს სომხეთის რკინიგზა და რა თქმა უნდა, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, პატარა სომხეთის ტერიტორიაზე მატარებელი ივლის თუ არა. რუსეთი ბევრ რამეს მომავლისთვის ამზადებს. არ იცის, როგორ განვითარდება მომავალი და აქედან გამომდინარე, სჭირდება ხელში ჩაიგდოს ყველა ტიპის კომუნიკაციური, ენერგეტიკული და ეკონომიკური სიმძლავრე სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე, რათა აკონტროლოს აღნიშნული რეგიონი და საამისოდ დამატებითი მექანიზმები ჰქონდეს. რუსეთი რომ მიუშვა „ბრიტიშ-პეტროლიუმის“ სადენსაც იყიდის. ეს არ არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ამოცანა.

 

-პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია და საკუთარი ინტერესბიდან გამომდინარე, რუსეთის აქტიურობა ვლინდება მისთვის დასაყრდენი პოლიტიკური პარტიების მაქსიმალური წრამომადგენლობით საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად. იქნებ, ამ კონტექსტში შეიძლება ირაკლი ალასანიას განცხადების შეფასება?

 

-საპარლამენტო არჩევნებამდე რვა თვე დარჩა და დამისახელეთ, რომელი პოლიტიკური ძალა „ბრწყინავს“ პოლირიკურ სარბიელზე. რუსეთს ამის გაკეთება რომ სდომებოდა, ამდენი წლის განმავლობაში რამენაირად მოახერხებდა კიდეც. სურვილი ერთია, მაგრამ არ გამოუვიდა და ახლა „ინტერნეტ-კაბელი“ 1კილოგრამი კიტრი არ არის, რომ მოვიდეს და იყიდოს. მის გაყიდვას უზარმაზარი პროცედურა აქვს და დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებამდე ეს არ მოესწრება, თუკი ვიღაცა მის გაყიდვას მოინდომებს.

 

-ახლახანს საჯარო სივრცეში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთმა ბირთვული კომპონენტის გაძლიერება დაიწყო, რომელიც გამიზნულია თურქეთის წინააღმდეგ. არის თუ არა ეს ბირთვული შანტაჟი საქართველოს ტერიტორიის გამოყენების გზით და რა საფრთხის წინაშე დგება ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტოტორიიდან სამხედრო მოქმედებების განხორციელების შემთხვევეაში?

 

-იმ განცხადებაში, სადაც საუბარია, რომ რუსეთმა ცხინვალში რაკეტები შეიტანა, ნათქვამი არ არის, რომ ბირთვული იარაღიც შეიტანა. ნათქვამია, რომ შეიტანა იარაღი, რომელსაც ბირთვული „ტურბინის“ ტარება შეუძლია. არსად არ წერია, რომ ცხინვალში, სტალინის მოედანზე რომ რაკეტა დგას, შიგნით მაინცდამაინც ბირთვული იარაღი დევს.

 

-გასაგებია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ხდება ეს და თურქეთთან ომის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა, თუნდაც სატრანზიტო ფუნქციით, საფრთხის ქვეშ არ იგულისხმება?

 

-რასაკვირველია, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ცხინვალი არის რეგიონი, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. საფრთხე თავისთავად არსებობს, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა „ისკანდერი“ შეიტანა, მაგრამ მასზე ოდნავ ნაკლები სიმძლავრის რაკეტების ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობას ვადასტურებ. აფხაზეთის ტერიტორიაზეა „ტოჩკა უ“, რომელსაც ასევე შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს და მათ შორის, ჩვენც. რასაკვირველია, ეს ძალიან ცუდი მოვლენაა და უნდა გითხრათ, როგორც ჩანს, რუსეთი თურქეთთან კონფრონტაციისთვის ემზადება და ეს ამბავი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ ხდება. სამხრეთის ოლქის ჯარები მოყვანილია მზადყოფნაში, რომელიც კავკასიის გასწვრივ, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე არის განლაგებული. ასევე, მზადყოფნაშია მოყვანილი კასპიისა და შავი ზღვის რუსული ფლოტები და ეს ყველაფერი ორიენტირებულია თურქეთთან კონფრონტაციაზე. თუ დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, ჩვენ უკიდეურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ რაღაც ფორმით ჩვენც ვიქნებით ომში ჩათრეული. ან ჩვენი ტერიტორია იქნება ჩათრეული, ან ჩვენი საზღვრის აკვატორია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ორ ამხელა სახელმწიფოს შორის მიმდინარე საომარი ვითარების პირობებში, ყოველგვარი ეკონომიკური აქტივობა და საინვესტიციო პროექტები დაიხურება საქართველსთვის, ამის გარდა, უნდა ველოდოთ ლტოლვილებს და ათას უბედურებას.

 

-ასეთი მასშტაბური ომის შემთხვევაში არავითარი ბერკეტი არ არსებობს იმ ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად, რომელსაც სატრანზიტო ფუქციით გამოიყენებენ?

 

-ამის მილიონში ერთი შანსი არსებობს, რადგან თუ სამხედრო მოქმედებები გააქტიურდება, ეს ძითადად თურქეთის სამხრეთ ნაწილში მოხდება, სირია-თურქეთის პერიმეტრზე, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ შავი ზღვის აკვატორიაშიც მოხდეს ანალოგიური რამ. დაცვის ბერკეტს რაც ეხება, ამის ერთადერთი გარანტია დასავლეთი და ძალიან მყიფე და შეზღუდული ურთიერთობა რუსეთთან. პრაქტიკულად, დღევანდელ მსოფლიოში ვითარება ისეა არეული, დაცვის წესრიგი მოიშალა და აქედან გამომდინარე, ყველა ცდილობს გააკეთოს ისე, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისთვის რაც შეიძლება მეტი ადგილი დაიკავოს მზის ქვეშეთში. არავითარი დაცვის მექანიზმები არ არსებობს, თუკი რომელიმე დიდმა ქვეყანამ რამე მოინდომა, სამწუხაროდ, ხელები თითქმის გახსნილი აქვს და უკრაინის მაგალითი ამის ნათელი დადასტურებაა. მაინც არსებობს იმედი, რომ მსოფლიო რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას თავიდან აირიდებს და ამის ალბათობა არსებობს . მაგალითად, სამხედრო კონფრონტაციას შეფარდების კუთხით პირადად ვაფასებ, როგორც 40/60-ზე. 40% არის ომის შესაძლებლობა და 60%- გამორიცხულია.

 

,,ჯი-ეიჩ-ენი“ ხათუნა ხატიაშვილი

ავტორი: . .