თიბისი ბანკსა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციას, ერთობლივი კულტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განცხადება დღეს ოპერის თეატრში საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ერთობლივი ბრიფინგზე გააკეთეს.
„თიბისი ბანკი, ტრადიციულად, არის კულტურის მხარდამჭერი საქართველოში. ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობა, როგორიც არის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი და მრავალი საოპერო მომღერალი, რომლებმაც ამ თეატრში აიდგეს ფეხი. ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც მათ მხარში დაუდგება და უამრავ ერთობლივ, საინტერესო პროექტს შევთავაზებთ საზოგადოებას,“ - განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.
2016 წლის 30 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი რეკონსტრუქციის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; სრულიად შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, რომელსაც 2004 წლიდან ხელმძღვანელობს პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილი, დღეს საქართველოში მოქმედი ერთადერთი პროფესიული საბალეტო კომპანიაა. საბალეტო დასი გამორჩეულია მრავალფეროვანი რეპერტუარით, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც კლასიკური საბალეტო მემკვიდრეობის თითქმის ყველა სპექტაკლი, ასევე თანამედროვე ქორეოგრაფების ბალეტები. უკვე ათ წელზე მეტია ქართული ბალეტი თანამშრომლობს ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან, თანამედროვეობის ისეთ გამოჩენილ ქორეოგრაფებთან როგორებიც არიან – ირჟი კილიანი, იორმა ელო, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, ალექსეი რატმანსკი, ალექსეი ფადეეჩევი და სხვა. დასის რეპერტუარში 60–ზე მეტი კლასიკური და ერთმოქმედებიანი ბალეტია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასეთი დიდი ბიზნესჯგუფი ოპერისა და ბალეტის თეატრის მხარდამჭერი გახდა. მათი ყველანაირი დახმარება ჩვენთვის დიდი ძალაა. ჩვენ ახლა ვიწყებთ თანამშრომლობას და უამრავი საინტერესო გეგმა გვაქვს ერთად განსახორციელებელი,“ - აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა.
სასიხარულოა, რომ 6 წლიანი პაუზის შემდეგ საბალეტო დასი კვლავ ოპერის თეატრის განახლებულ სცენაზე იცეკვებს. 2016 წლის 12 თებერვალს დასი პირველ საბალეტო პრემიერას, დავით თორაძის და ვახტანგ ჭაბუკიანის ორმოქმედებიან ბალეტს „გორდას“ წარუდგენს მაყურებელს, რომლის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიაც ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის.
საბალეტო დასის წარმატებები, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო სცენაზე გულგრილს არ ტოვებს ხელოვნების მოყვარულებს. ქართული კულტურის მხარდაჭერა თიბისი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თიბისი ბანკი მოხარულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პარტნიორი ხდება, რითაც ხელს შეუწყობს საბალეტო ხელოვნების განვითარებას და კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას.