საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კალიურანდთან. შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობებს და უპრეცედენტოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და კიბურსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციების და სხვა მიმართულებებით. აქვე აღინიშნა, რომ მეტი პოტენციალი არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გარღმავების მხრივ და პოზიტიური შეფასება მისცეს იმავე დღეს ტალინში დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმს ქართული და ესტონური ბიზნესწრეების წარმომადგენლების მონაწილეობით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა ესტონეთთან "განვითარების სფეროში თანამშრომლობის" ფარგლებში წლების მანძილზე არსებულ თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით ესტონეთის დახმარებით განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით, რაც ეხმარება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი რეფორმების იმპლემენტაციაში. მან აღნიშნა, რომ ესტონეთის განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია მომავალი წლებისათვის თანხვედრაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოთხ-პუნქტიანი რეფორმების პაკეტის შემდეგ მიმართულებებთან: ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ღია მმართველობა და ჩართულობა, განათლების სისტემის რეფორმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას და საქართველოს მოლოდინებს ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს საერთაშორისო არენაზე და ხაზი გაუსვა, რომ უვიზო მიმოსვლა არის ის კონკრეტული შედეგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან დაახლოების საშუალებას მისცემს. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კომპონენტის ჩათვლით ეფექტური იმპლემენტაცია.
მიხეილ ჯანელიძემ თავის ესტონელ კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას, რათა შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციზე მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები პრესისთვის და უპასუხეს ადგილობრივი მედიის შეკითხვებს.