ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე, რომელიც 1997 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობს, საქართველოში ეროვნული კინოცენტრის მოწვევით ჩამოდის.
ნინო კირთაძე გერმანელ კოლეგასთან, შტეფან ტოლცთან ერთად, ვორქშოპებს ჩაატარებს.
ვორქშოპებს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის (კრეატიული მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების პროექტის განვითარების კონკურსი) გამარჯვებული პროექტების ავტორები დაესწრებიან, რომლებიც ნინო კირთაძესთან და შტეფან ტოლცთან ერთად საკუთარი პროექტების განვითარებაზე იმუშავებენ.
ნინო კირთაძე არის გერმანიის ოქროს გრიმმეს მფლობელი, დაჯილდოებულია ამერიკის სანდანსის საუკეთესო რეჟისორის პრიზით, მიღებული აქვს Cinéma du Réel-ის მთავარი პრიზი პარიზში და Vision du Réel-ის გრან პრი შვეიცარიაში. აგრეთვე, ნინო კირთაძე ევროპული კინოაკადემიის ოსკარის მფლობელია.
შტეფან ტოლცი ასევე ტიტულოვანი რეჟისორი და პროდიუსერია, რომელსაც 30 დოკუმენტური ფილმის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული და კინოსფეროში 25 წლიან გამოცდილებას ფლობს.
ნინო კირთაძისა და შტეფან ტოლცის ვორქშოპები 25-დან 28 იანვრის ჩათვლით გაიმართება.