საკრებულოს დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის უფლებებს, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი, თამარ ავალიანი დაიცავს.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს ადვოკატთან და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აპირებს მოვლენებს ფეხდაფეხ მიჰყვეს.
მისი თქმით, პროკურატურასთან მხოლოდ ფორმალურ თანამშრომლობას აპირებს და სამართლებრივ პროცედურებში მასთან ერთად იქნება ადვოკატი თამარ ავალიანი.
ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ მისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ცესკოდან გამოითხოვა.
"არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, რა კავშირი აქვს მიმდინარე გამოძიებასთან სარეგისტრაციო დოუმენტაციას და იკვლევენ თუ არა ჩემი საინიციატივო ჯგუფის წევრებს. ჯერჯერობით ამას ვერ მივხვდი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის მიერ დეპუტატების, ეკა ბესელიასა და მანან კობახიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. დეპუტატებმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.